გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტების იდეა ბათუმს

სურათი

დათა კობალაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია. ის თანაკურსელებთან ერთად პროექტ „ადაპტირებული ბათუმის“ ავტორია, რომლის მიზანიც შშმ პირებისთვის რიგი პრობლემების აღმოფხვრაა.  დათა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მოხალისეა და ამჟამად, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროგრამით, ვროცლავში იმყოფება.

_ დათა, რომელ საგანმანათლებლო პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა?

_ 2018 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის აქტივობაში. ჩემი მთავარი მიზანია წვლილი შევიტანო ახალგაზრდებისათვის მაღალი საპასუხისმგებლო მოქალაქეობრივი როლის ჩამოყალიბებაში. მონაწილეობა მიმიღია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების პროექტში. 2019 წელიდან აქტიურად ვარ ჩართული ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის აქტივობებში, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ინიციატივით გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს. ამავე წელს გავხდი ცენტრის წლის მოხალისე. ასევე მონაწილეობა მიმიღია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთობლივ პროექტში: დებატებისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ტრენინგი, დებატების ინტენსიური მომზადების ერთკვირიანი კურსი. ვარ CENN-ის ,,მწვანე ბანაკის’’ კურსდამთავრებული. დავესწარი ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის  2022 წლის ბირთვული უსაფრთხოების, ახალი გამოწვევებისა და რისკების შეხვედრებს.

_ თანაკურსელებთან ერთად ბათუმის მერიის კონკურსის  ,,შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული ხართ. გვიამბეთ პროექტ _ ,,ადაპტირებული ბათუმის“ მიზნებსა და ამოცანებზე...

_ ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია აღმოიფხვრას რეგიონში არსებული პრობლემები, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან, რის გამომწვევი მიზეზიც ინფრასტუქტურის არ არსებობაა. შშმ პირები უნდა იყვნენ უფრო მეტად სოციალურები და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ადაპტირებული ბათუმის მიზანიც სწორედ ის არის, რომ შშმ პირებს გავუადვილოთ კომუნიკაცია და დავეხმაროთ მათ ადაპტაციაში. გარდა ამისა, პროექტის მთავარი მიზანია, იგი გახდეს სამაგალითო. ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად დაიწყება რეგიონებისათვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს შშმ პირთა ინტეგრაციას.

_ თქვენ ზრუნავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების კეთილდღეობაზე,  ხართ პროექტის ავტორი. გვიამბეთ, რა გახდა იდეის საფუძველი...

_ საქართველოს არაერთ უნივერსიტეტში უკვე სისტემატიურად ისწავლება საგანი „დემოკრატია და მოქალაქეობა“, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეებში მაღალი აქტივობის გაღვივება, ასევე პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, რის შედეგადაც სტუდენტები ღებულობენ გამოცდილებას. თავად პროექტის იდეა უნივერსიტეტშივე გაჟღერდა. მე და ჩემმა კურსელებმა _ ანეტი ბერიძემ, ხვიჩა ცენტერაძემ, ანამარია ბოლქვაძემ და ქრისტინა სურმანიძე, გადავწყვიტეთ, გაგვეხორციელებინა ისეთი იდეა, რაც არამხოლოდ ქალაქის განვითარებაში შეიტანდა წვლილს, არამედ ქალაქში არსებულ პრობლემებს აღმოფხვრიდა, რაშიც დაგვეხმარა ჩვენი ლექტორი გიგა ფარტენაძე. მან შემოგვთავაზა ,,იდეა ბათუმზე“ დაგვერეგისტრირებინა.  პროექტი ,,შენი იდეა ბათუმს“ იდეალური შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ჩვენი იდეა გაგვეხორციელებინა. ამ პროექტმა მოგვცა საშუალება თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის უშუალო დაგეგმარება-გამოყენებისა. პროექტი აქტუალურია და დღემდე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტირებით ვრცელდება, რაც ადგენს მის მიმართ მოსახლეობის დადებით განწყობას.

_  დათა, დაიწყეთ თუ არა პროექტის განხორციელება, რა ეტაპზეა და როდის დასრულდება?

_ რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განხილვა. პროექტის იდეალიზაციის შემდეგ, იგი მომზადდება ტენდერისთვის. სატენდერო პროცედურების მომდევნო ეტაპია  სკამების განთავსება ქალაქის მასშტაბით. პროექტი განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე.  

_ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება  საზოგადოების მხრიდან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. რას ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ მათი საუკეთესო მომავლისთვის?

_ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში სოციოლოგიური კვლევის ჩატარება და საჭიროებების გამოვლენაა, რაც ხელს შეუწყობს უშუალოდ დავადგინოთ არსებული პრობლემები. ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე შშმ პირს. შედეგზე დაყრდნობითაც გადავწყვიტეთ გაგვეხორციელებინა ეს პროექტი. ასევე, მათი ინიციატივით შევიტანეთ ცვლილებები ადაპტირებულ სკამში. გარდა ამისა, აშკარაა ქალაქში ინფრასტუქტურის არადამაკმაყოფილებელი რაოდენობა-მდგომარეობაც. მოქალაქეებს კი შეგვიძლია ბიუჯეტის დაგეგმარების დროს დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რაც პერსპექტივაში მეტად ხელმისაწვდომს გახდის გარემოს.

_ და ბოლოს, კიდევ ხომ არ ფიქრობთ საინტერესო პროექტების განხორციელებას? თქვენი სამომავლო გეგმები...

_ ამჟამად ვიმყოფები საზღვარგარეთ. ამავდროულად ვმუშაობ ორ პროექტზე. ვიმედოვნებ,  საქართველოში დაბრუნებისთანავე განვახორციელებ ჩემს ჩანაფიქრს, რომელსაც აუცილებლად გავაცნობ გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ მკითხველს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა