გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„მნიშვნელოვანია გავითავისო, რისთვის ვიბრძვი და სად ვიბრძვი“

სურათი

ქეთევან მახარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობის სტუდენტია. მას მიაჩნია, რომ განათლების მიღება კონკრეტული მიმართულებით, არასოდეს არის დაგვიანებული, მით უფრო მაშინ, როცა იცი რას, რატომ და რისთვის აკეთებ. მათემატიკა ფარმაცევტი ქეთევანისთვის მეორე სპეციალობაა. მამის, პროფესორ შოთა მახარაძის გარდაცვალების შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ გაცდენილი წლები ვერ დააბრკოლებდა და მშობლის პროფესიულ გზას უნდა დასდგომოდა. ქეთევანი დღეს ფაკულტეტის წარმატებული სტიპენდიატი სტუდენტია.

_ ,,ცხოვრებას უნდა მოერგო, თავად არ მოგერგება“. მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რამდენად მართებულად  მიიჩნევს მას ცხოვრებისეული შესაძლებლობა. ვცდილობ, მიღებული გადაწყვეტილება იყოს სწორი და ყოველი ქმედებისას ვიყო მართალი. თუ მართალი ვარ, ვიბრძოლო ბოლომდე და შეცდომისას ვეცადო მის გამოსწორებას. ასევე მიმაჩნია, რომ დახმარების ხელის გაწოდება ჩვენს სულიერ მდგომარეობას ამაღლებს. ერთმანეთისადმი ყურადღება და პატივისცემა შეგვაძლებინებს ჰარმონიულ ურთიერთობებს. ნაყოფიერი შრომა დროის სწორად განკარგვაა. სათანადო შესაბამისობა თავისუფალ და საქმით განსაზღვრულ დროს შორის უზრუნველყოფს შემდგომი ნაბიჯის წარმატებას. ლიტერატურის კითხვას, მეგობრებთან ერთად ყოფნას და ბევრი რამეს, რაც განტვირთვას ხელს უწყობს, დროის სიმცირის გამო, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებ. თუმცა, მიყვარს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიქრი. ვფიქრობ, სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იცხოვრო ისე, რომ ფიქრმა კმაყოფილებით აგავსოს და წარსულის სინანულმა არ დაგტანჯოს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ფარმაციის მიმართულებით გავაგრძელე. ფარმაცია ძალიან კარგი პროფესიაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება.  როცა ტკივილით დამწუხრებულ მომხმარებელს პრეპარატს ურჩევ და მის სახეზე მადლიერების ღიმილს დაინახავ, სასიამოვნო განცდას გიტოვებს, ტკივილს უამებ და იმედს აძლევ. ბევრი რიგი დადებითი ემოცია ახლავს ფარმაცევტულ საქმიანობას, თუმცა ძალიან მცირე ხნით გაგრძელდა ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობა. მამის გარდაცვალებამ გამოიწვია პროფესიის შეცვლის სურვილი. გადავწყვიტე, მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, მათემატიკის სპეციალობაზე ჩამებარებინა და უკვდავმეყო მისი სახელი. ის მათემატიკის პროფესორი გახლდათ და ამდენად, დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ სურვილი სისრულეში მომეყვანა. მართალია, ასაკობრივი სხვაობა მაფიქრებდა, თუმცა იგი დაბრკოლებად არ ქცეულა, ასაკი ხომ მხოლოდ ციფრებია. მათემატიკა ავითარებს ლოგიკურ მსჯელობებს, გეხმარება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში. ვფიქრობ, ორი პროფესიის მცირედი გამოცდილება დამეხმარება ცხოვრებაში.

,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მთავარია განსაზღვრო ადგილმდებარეობის არსი“.  არანაკლებ მნიშვნელოვანია გავითავისო, რისთვისაც ვიბრძვი და სად ვიბრძვი, ვინაიდან წარმატება გამარჯვებულ ქმედებას ნიშნავს. ვცდილობ, ყოველი სირთულე გამოსავლის ძიებით გადავლახო, რაც მაძლიერებს და ხვეწს იმ უნარებს, რომელიც ღმერთს ადამიანისთვის უბოძებია. ადამიანი მუდმივად განვითარების ძიებაში უნდა იყოს, რადგან სიზარმაცეა ის გამანადგურებელი ფაქტორი, რომელიც ბლოკავს წარმატებას ცხოვრებაში. ჩემი წარმატების საიდუმლოდ მივიჩნევდი თავდაუზოგავ შრომას, შესაბამისი ცოდნისა და ბრძოლის ადგილმდებარეობის განსაზღვრით, ეს ყოველივე კი მიზნის მიღწევის საწინდარია. მოვუწოდებ სტუდენტებს, რომ დრო ფუჭად არ დაკარგონ, ყოველი შანსი მაქსიმალურად გამოიყენონ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი გვაქვს წარმატებისათვის...

როცა გავიგე, რომ სტიპენდიანტი გავხდი, საოცარი ემოცია იყო, თითქოს დაუჯერებელიც, რადგან ონლაინ სწავლების რეჟიმში ვიყავით გადასული და არსებული მდგომარეობა ძალიან გვაღელვებდა. გაურკვეველი იყო ის ფაქტიც, რომ  სწავლას ონლაინ ფორმით როგორ გავაგრძელებდით ან როგორ დავასრულებდით. ძალიან გაგვიჭირდა ონლაინ პლატფორმასთან შეგუება და ამ დროს იგებ, რომ გახდი სტიპენდიანტი. დადებითმა მუხტმა თითქოსდა დროებით გაანელა მწუხარება და სტიმული მოგცა, რომ გაგემართლებინა სტიპენდიანტობა. ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც სიამაყის გრძნობას გისახავს. ვისურვებდი, ძალიან, ძალიან ბევრი სტიპენდიანტი ჰყავდეს ჩვენს უნივერსიტეტს, რომელიც ნამდვილად ცდილობს, რომ სტუდენტებს სწავლის კომპორტული გარემო შეუქმნას თავისი შესაბამისი რესურსებით.

რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობამ შემაძლებინა, რომ მეორედაც სტიპენდიანტი გავმხდარიყავი. არასოდესაა გვიანი აკეთო ის, რაც გინდა და გახდე ის, ვინც გინდა იყო.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებსა და მიზნებს, ის უკავშირდება სწავლის გაგრძელებას მათემატიკის მიმართულებით ნახევარჯგუფთა თეორიაში. მამის დანატოვარ სამეცნიერო ნაშრომებს უნდა გავუფრთხილდე და ვეცადო გავაგრძელო იქედან, სადაც თვითონ გაჩერდა. ასევე, მინდა წარმატებული მასწავლებელი ვიყო, მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებსა და სტუდენტებს გავუზიარო“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა