გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კლასტერულ აკრედიტაციას გადის

სურათი

გაზეთიბათუმის უნივერსიტეტიჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინა გიორგაძეს ესაუბრება. ტრადიციული ფაკულტეტი ისტორიულ გზას აგრძელებს და გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.

,,მომავალი სასწავლო წელი  რთული და საპასუხისმგებლო იქნება. წლის ბოლომდე ყველა საგანმანათლებლო პროგრამა კლასტერულ  აკრედიტაციას გაივლის და ჩვენი ფაკულტეტი ახალი პროგრამებით კიდევ უფრო გაძლიერდება“, _ ამბობს ქალბატონი მარინა.

_ ქალბატონო მარინა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს?

_  თავდაპირველად,  ყველას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.  სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციას, ვუსურვებ წარმატებებს.

უპირველესად აღვნიშნავ იმას, რომ მიმდინარე წელსაც ჩვენი ფაკულტეტი სრულად დაკომპლექტდა, 10 პროგრამაზე 280-მდე სტუდენტი ჩაირიცხა. ბაკალავრიატში ჩარიცხულთაგან  ერთი - ნინელი მახაჭაძე - 100%-იანი გრანტის მფლობელია, სულ 30-მდე გრანტის მქონე სტუდენტი გვყავს პირველ კურსზე, დანარჩენებმა 70%- და 50%- სასწავლო გრანტი მოიპოვეს; 130 სტუდენტი (50 ისტორიის, 80 - ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე) სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას. მადლობას ვუხდი ყველა სტუდენტს ნდობისთვის, ჩვენი ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისთვის. ვეცდებით, გავამართლოთ მათი მოლოდინი.

ახალ სასწავლო წელს განახლებული საგანმანათლებლო პროგრამებით ვხვდებით. ახალ აკრედიტებული პროგრამებზეც გამოცხადდა მიღება, პირველად ჩაირიცხნენ მაგისტრანტები პროგრამაზე „ციფრული მედია და ინოვაციები“, ეს მრავალმხრივ საინტერესო პროგრამაა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელებთ და კურსდამთავრებულები ერთობლივ დიპლომს მიიღებენ.

განახლდა დარგობრივი დეპარტამენტების შემადგენლობა, შეგვემატა არაერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული ლექტორი, ასისტენტ-პროფესორი.

_ ქალბატონო მარინა, ბსუ- თითქმის ყველა ფაკულტეტის დეკანი აღნიშნავს, რომ  მიმდინარე სასწავლო წელს ახალი გამოწვევები ექნებათ. თქვენ რას გვეტყვით, რა მოლოდინები გაქვთ?

_ მომავალი სასწავლო წელი ჩვენთვის, ყველასთვის რთული და საპასუხისმგებლო იქნება. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაში სიახლეა, პირველად ტარდება ე.წ. კლასტერული აკრედიტაცია, ჩვენი ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამა წლის ბოლომდე გაივლის კლასტერულ პროგრამულ აკრედიტაციას. ეს პროცესი, მჯერა,  წარმატებით და გამარჯვებით დასრულდება და ფაკულტეტი კიდევ უფრო გაძლიერდება. მომავალი სემესტრიდან და სასწავლო წლიდან განახლებული და სრულიად ახალი პროგრამებიც შეგვემატება. აქედან გამომდინარე, მომავალი სასწავლო წელი ჩვენთვის, ყველასთვის რთული და საპასუხისმგებლო იქნება.

_ ...და მაინც, თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ეტყვით სტუდენტ-ახალგაზრდობას?

_ კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს, განსაკუთრებით პირველკურსელებს და წარმატებულ, ბედნიერ მომავალს ვუსურვებ, რომლის საწინდარიც წარმატებული სწავლა და ხარისხიანი განათლება იქნება! მინდა გისურვოთ, რომ ეს ოთხი წელიწადი თქვენთვის სწორედ ის ოთხი წელიწადი იყოს, რომელიც, როგორც ილია იტყოდა,  „ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული“.

სასიხარულოა, რომ სრულად დავუბრუნდით აუდიტორიებს. შარშან ჰიბრიდული სწავლების ფორმატი გარკვეულ სირთულეებს გვიქმნიდა, უპირველესად, დასწრების თვალსაზრისით. ახალ სასწავლო წელს ლექციებიც და ჯგუფში მუშაობაც აუდიტორიებში ჩატარდება, რაც სწავლა-სწავლების ხარისხს, უდავოდ გააუმჯობესებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა