გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: „გაიზარდა და გაღრმავდა საერთაშორისო თანამშრომლობა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტატისტიკურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ოთხ საბაკალავრო პროგრამაზე კონკურსის პირობებში 230 პირველკურსელი ჩაირიცხა. ბოლო დროს ფაკულტეტმა ბევრ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ლევან ჯაყელს ესაუბრება:

_ ბატონო ლევან, იძულებითი პაუზის შემდეგ, 2022-2023 სასწავლო წელი აუდიტორიებში იწყება. რა სიახლეებით ხვდება იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტებს?

_ მთავარი და ყველაზე ღირებული სიახლეც ვფიქრობ, ეს არის _ ახალ სასწავლო წელს ერთმანეთს აუდიტორიებში შევხვდებით. პანდემიამ გვაჩვენა რა სიკეთე შეიძლება მოგვიტანოს ონლაინ სწავლა-სწავლებამ და რაც მთავარია, არ გვავნოს. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი იმდენად დიდია, რომ აღარავინ საუბრობს დისტანციურ ან კიდევ ჰიბრიდულ ფორმატზე.   დღეს საუნივერსიტეტო განათლება მოითხოვს მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, მობილობას, კავშირებს, პრაქტიკას და რაც მთავარია, ახალგაზრდა კადრების მოზიდვას საუნივერსიტეტო სივრცეში. წინა წელი რთული გვქონდა, რადგან ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ფაკულტეტზე აკრედიტაციის რეჟიმში ფუნქციონირებდა, ყველამ წარმატებით გაიარა ეს პროცესი და შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა _ ეს ნიშნავს, რომ დღეს, საუნივერსიტეტო სივრცეში, რაც სჭირდება საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელებას, ყველა სტანდარტი დაკმაყოფილებული გვაქვს. გაიზარდა და გაღრმავდა საერთაშორისო თანამშრომლობა, ამ სასწავლო წელს ველოდებით სტუდენტთა გაცვლით ახალ პროგრამას. სხვა სიახლე, ჩვენი ყოველდღიურობაა ფაკულტეტზე. გვაქვს გარე შეფასებებიც, შიდა აღიარებაც. ამიტომ სასწავლო წელს ამაყად ვიწყებთ და ზუსტად ვიცით, წინ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ სტუდენტების და რა თქმა უნდა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით.

_ როგორ შეაფასებთ ჩარიცხულ პირველკურსელთა სტატისტიკას?

_ სტატისტიკა, სტაბილურად, ლიდერის პოზიციას გვინარჩუნებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სწორედ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია. ოთხ სპეციალობაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში ჩაირიცხა 230 სტუდენტი. არ მინდა ცალკე რომელიმე ერთი სპეციალობა გამოვყო, რადგან ყველა მათგანი ჩვენი საერთო საქმეა და შესაბამისად, შედეგების საერთო სურათი გვახარებს. გვყავს გრანტიანი სტუდენტებიც _ მათ შორის, ოთხი ასპროცენტიანი გრანტით და ასევე დიფერენცირებული (70%-50%) სტუდენტები. რა თქმა უნდა, მადლობა მათ ნდობისთვის და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენთან იმ ცოდნას შეიძენენ, რისი მოლოდინიც აქვთ.

_ გასულ სასწავლო წელს რა გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი?

_ მნიშვნელოვანი გამოწვევა გვქონდა აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით, რასაც წარმატებით გავართვით თავი, საერთაშორისო კავშირები გავაძლიერეთ, დიდი გამოცდილება მივიღეთ დისტანციური ფორმით კონფერენციებსა და სემინარებზე მუშაობის თვალსაზრისით. ასევე გამოწვევად უნდა ჩაითვალოს საყოველთაო წნეხი  _ პანდემია და პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი, რასაც ბსუ-მ ვფიქრობ, ასევე ბრწყინვალედ გაართვა თავი.

_ სასწავლო წლის დასაწყისში, რას უსურვებთ პირველკურსელებს?

_პირველ რიგში მინდა მადლობა გადავიხადო ჩვენი სასწავლებლის არჩევისთვის და დავარწმუნო, რომ არ შემცდარან, აქ მათ ყველა პირობა დახვდებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და განვითარებისათვის.

ვულოცავ მათ ამ წარმატებას, ვიცი რა შრომის და გარჯის შედეგია ეს და ვთხოვ მათ, რომ სწორად და გონივრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, არ დაკარგონ ფუჭად დრო. სტუდენტობა, ეს ერთდროულად დიდი გამარჯვება და პასუხისმგებლობაა. რასაკვირველია, მოლოდინის, იმედების გამართლება მინდა ვუსურვო მათ და მოთმინება. ბევრი სტუდენტურ ცხოვრებას სახალისო და უზრუნველ ყოველდღიურობად აღიქვამს. მინდა ვუთხრა მათ, რომ პირიქით, წარმატებული სტუდენტობა ხალისიანი და უზრუნველყოფილი ცხოვრების საწინდარია.   

ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გელოდებით ბსუ-ს აუდიტორიებში...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა