ტექნოლოგიური ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი კომპლექსური,მრავალდარგობრივი ერთეულია, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამულ მიმართულებებს.

ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულება უნივერსიტეტში დამოუკიდებელi სასწავლო- სამეცნიერო კათედრის სახით მხოლოდ 1990 წელს ჩამოყალიბდა. 1990 წლამდე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიის სწავლებას, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ფსიქოლოგიაში ხელმძღვანელობდა პედაგოგიკა– ფსიქოლოგიის გაერთიანებული კათედრა.

1945 წლიდან, როცა სამასწავლებლო ინსტიტუტი პედაგოგიურად გადაკეთდა, ფსიქოლოგიის კათედრა დროებით დამოუკიდებელი გახდა. კათედრის გამგედ და წამყვან ლექტორად ფსიქოლოგიაში დაინიშნა დოცენტი (შემდგომში პროფესორი) ვლადიმერ ნორაკიძე. 1945–55 წლებში ბათუმში ლექციების წასაკითხად ჩამოდიოდნენ ცნობილი ფსიქოლოგები: ზ. ხოჯავა, გ. ბაქრაძე, ფ. ხუნდაძე, ს. ჩხაიძე და სხვები.

1954–55 სასწავლო წლიდან 1986 წლამდე პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის კათედრის ერთ–ერთი წამყვანი ლექტორი ფსიქოლოგიაში იყო დოცენტი აგია ართილაყვა. პროფესორ ვლ. ნორაკიძის ხელმძღვანელობით მის მიერ მომზადებული სადისერტაციო ნაშრომი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ტემპერამენტის შესახებ ახლაც იმსახურებს დიდ ყურადღებას. უფრო მეტიც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ა.ართილაყვას კონცეფცია კიდევ ელის დაკვირვებულ, ანალიტიკური უნარით დაჯილდოებულ მკვლევარს, რომელსაც ისევე, როგორც ა.ართილაყვას, საფუძვლიანად ეცოდინება, როგორც ტემპერამენტის მოძღვრება, ისე განწყობის თეორია და ამის გარდა, თანამედროვე სოციალური განწყობის კანონზომიერებები. ასეთ შემთხვევაში უთუოდ მივიღებთ მნიშვნელოვან, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ აგრეთვე პრაქტიკულ შედეგს. ა.ართილაყვამ დაადგინა, რომ არსებობს გარკვეული შესაბამისობა ფიქსირებული განწყობის ტიპებსა და ტემპერამენტის ტიპებს შორის. ტრადიციული ოთხი ტიპის გარდა დაუშვა ტემპერამენტის მეხუთე, ე. წ. ცენტრალური (ჰარმონიული) ტემპერამენტის ტიპის არსებობის შესაძლებლობაც. გამოკვლევა ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1960 წელს.

1953–89 წლებში ფსიქოლოგიის სწავლებას რუსულ სექტორზე ემსახურებოდა დოცენტი მარია მიკულინსკაია. მან ფსიქოლინგვისტიკის აქტუალურ პრობლემებზე მოამზადა დისერტაცია. ნაშრომი ოფიციალურად რუსული ენის პუნქტუაციას შეეხებოდა, მაგრამ სინამდვილეში მ. მიკულინსკაიამ პირველმა რუსული ენის პუნქტუაციის სწავლების მეთოდიკაში მიაკვლია ისეთ მრავალრიცხოვან და მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც რუსულ ენაზე მეტყველ ადამიანს ბუნებრივად უბიძგებს ამ თუ იმ პუნქტუაციური ნიშნის გამოყენებისაკენ. ეს მიღწევა კი აბსოლუტურად განასხვავებდა მ. მიკულინსკაიას მიერ მიღებულ შედეგს პუნქტუაციის ჩვეულებრივი მეთოდიკის სწავლებისაგან. მან ფსიქოლოგიური კვლევის სფერო ფსიქოლინგვისტიკიდან წმინდა ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა სივრცეში გადაიტანა.

მომდევნო წლებში უნივერსიტეტში მომუშავე ფსიქოლოგთა როგორც რაოდენობრივმა, ასევე ხარისხობრივმა ზრდამ შესაძლებელი გახადა 1990–91 წლიდან ფსიქოლოგიის დამოუკიდებელი კათედრის ჩამოყალიბება, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროფესორი ნოდარ ბარამიძე. იგი იკვლევს ადამიანის ქცევის მოტივაციის ურთულეს მექანიზმებს, ნებისყოფის პრობლემას, სწავლის ფსიქოლოგიის საკითხებს. ფსიქოლოგიური მოტივაციის პრობლემები არა მხოლოდ პედაგოგიური ფსიქოლოგიის, არამედ საერთოდ ფსიქოლოგიის ურთულეს პრობლემათა რიგს ეკუთვნის. ნ.ბარამიძემ შეძლო შორეული მოტივაციის ფსიქოლოგიის მწყობრი კონცეფციის ჩამოყალიბებით მოტივაციის პრობლემატიკაში ფსიქოლოგიური კვლევის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. ამიტომ 1995 წელს მისი სადოქტორო დისერტაციის დაცვამ თემაზე „შორეული მოტივაციური ქცევა და სწავლა“დიდი რეზონანსი გამოიწვია ფსიქოლოგიის სფეროში და სტიმული მისცა ამ პრობლემასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ - გამოყენებით კვლევებს. ნ. ბარამიძის სამეცნიერო მიღწევების შესახებ სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა მისი ისეთი ნაშრომები, როგორიცაა „შორეული მოტივაციური ქცევა და სწავლა“,ბათუმი, 1995; „ფსიქოლოგიური ნარკვევები,წერილები, სტატიები“,ბათუმი, 1999; „აქსელერაცია და შორეული მოტივაციური ქცევა“,ბათუმი,2008.

ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ნოდარ ბარამიძე დაჯილდოებულია საქართველოს განათლების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელებით.

2006 წელს პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის დეპარტამენტი დაჯილდოვდ დიმიტრი უზნაძის საიუბილეო მედლით, რითაც აღინიშნა ჩვენს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა.

ფსიქოლოგიის დარგში მუშაობა შეუძლებელია მიზანსწრაფულობის, დაბრკოლებების გადალახვის უძლიერესი სურვილის გარეშე. ასოც.პროფესორი არჩილ ბერიძე თანმიმდევრულად და მეთოდურად ცდილობდა საუკეთესო შედეგების მიღწევას ფსიქოლოგიაში. როდესაც ფსიქოლოგიური კვლევის საჭიროებამ მოითხოვა ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაემგზავრა მოსკოვში და 1979 წელს იქვე წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „წერის ჩვევების ფორმირებისა და ფუნქციონირების თავისებურებანი“. 2009 წელს ა. ბერიძემ ბათუმში გამოსცა მისი მრავალწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ნაშრომი „ აღზრდის საძირკველი“, რომელიც თანამედროვე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მრავალ აქტუალურ პრობლემას შეეხება.

ღვაწლმოსილი ფსიქოლოგი, ფუნდამენტური ცოდნის მფლობელი, ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი ილია კეჭაყმაძეm პირველად საქართველოში 1980 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი მეოცე საუკუნის ფსიქოლოგიის ურთულეს პრობლემაზე „ფსიქოფიზიკური განვითარების აქსელერაცია და ექვსწლიანების სასკოლო სწავლების პრობლემა“,(ბათუმი), რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში (1984 წელი) დასრულდა დისერტაციის დაცვით თემაზე „ექვსწლიანთა ფსიქოლოგიური თავისებურებანი და სასკოლო სწავლისადმი მზაობა“. ი. კეჭაყმაძე ამჟამად აქტიურად მუშაობს სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის საკითხებზე. იგი დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი რუსუდან ბერიძე მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ-ფსიქოლოგიურ მოვლენებზე, როგორიცაა კონფლიქტები და მათი დაძლევის გზები. ასისტენტ - პროფესორი რუსუდან კეჭეყმაძე მუშაობს გენდერული ფსიქოლოგიის საკითხებზე, შორენა მესხიძე-სწავლებისა და აღზრდის ფსიქოლოგიის პრობლემებზე, ქეთინო ბერიძე - სკოლის მოსწავლეებში კითხვითი აქტივობის ათვისების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ხოლო მაიკო თოიძე - ბავშვის სოციალური განვითარების პრობლემებს იკვლევს.

ამჟამად ფსიქოლოგიის პროგრამულ მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი გურამ ჩაგანავა, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ე.წ. ”აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემებზე”. ერთი შეხედვით ფსიქოლოგიის ეს კონცეფცია სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და შეიძლება განხილული იყოს როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური მიკუთვნების, პერსონალიზაციის, საკუთარი პიროვნული სივრცის ფსიქოლოგიური პრობლემატიკის მომცველი. გ. ჩაგანავა, როგორც მკვლევარი გამოვიდა კვლევის ამ შედარებით ვიწრო სფეროდან, დაუკავშირა დ.უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული მონაცემები საკუთარი ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს და ამტკიცებს, რომ ფაქტორი ”თავისი” მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ფიზიკური სამყაროს პარალელურად ფსიქოლოგიური, ფენომენოლოგიური სამყაროს შექმნას, რაც პიროვნების ცხოვრებას აძლევს იმ თავისებურებებს, რომლებიც განაპირობენ ადამიანთა ფსიქიკური განვითარების სპეციფიკას. გ. ჩაგანავამ 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“, ხოლო მისი ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შედეგები თავმოყრილია ორ ძირითად ნაშრომში „განწყობის ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“, ბათუმი,2001 და „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები“, ბათუმი,2009.

ბოლო წლებში ფსიქოლოგიის მიმართულება აფართოებს მოღვაწეობის საზღვრებს: 2006 წელს უნივერსიტეტში პირველად ამოქმედდა ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ხელ-ბი: პროფ.გ.ჩაგანავა, პროფ. ნ.ბარამიძე). მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ 2009 წლიდან ფსიქოლოგიის პროგრამა (ხელ-ი: პროფ.გ.ჩაგანავა) ამოქმედდა სწავლების პირველ საფეხურზეც-ბაკალავრიატში. ეს კიდევ უფრო გაზრდის უნივერსიტეტში და მის ფარგლებს მიღმა ფსიქოლოგთა აქტივობას, რომლის უშუალო შემადგენელ ნაწილად უკვე იქცა უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო, საინტერვენციო, საკონსულტაციო სამუშაოები, ხოლო პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცოდნის გავრცელებას და დანერგვას ხელს უწყობს ახლად შექმნილი ფსიქოლოგიური სამსახური.

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შემადგენლობაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ჟურნალისტიკის პროგრამული მიმართულება. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს ი. სანიკიძე, რომელმაც 1999 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,მემედ აბაშიძის ლიტერატურულ-პუბლიცისტური მემკვიდრეობა”. 2009 წელს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა გურანდა შამილიშვილმა დაიცვა დისერტაცია ჟურნალისტიკის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად და ჟურნალისტიკის სპეციალობამ დაკვირვებული, ღრმა ანალიტიკური უნარით დაჯილდოებული სპეციალისტი მიიღო.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამული მიმართულება საკმაოდ ახალგაზრდაა. 2006 წელს შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და ფუნქციონირება დაიწყო ამავე სახელწოდების სპეციალობამ, ხოლო 2008 წელს უკვე სამაგისტრო დონეზე ამოქმედდა საგანმანათლებლო პროგრამა. ამან პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება მოითხოვა.

საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სასწავლო და სამეცნიერო დისციპლინის დაფუძნებაში, დიდი როლი შეასრულა ასოც. პროფ. ირაკლი მანველიძემ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ამ საქმეში თავისი წვლი ლი შეიტანეს: ისტ.მეცნ.კანდ. რევაზ დიასამიძემ, ასოც. პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, სრულმა პროფესორმა კახაბერ სურგულაძემ და სხვებმა.

მიმართულების თაოსნობით არა ერთხელ იქნა ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციები: 2006 წელს თემაზე „საქართველო - დემოკრატიული გარდაქმნები და გამოწვევები“, 2009 წელს თემაზე „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ახალი გეოპოლიტიკური კონტურები“, 2010 წელს თემაზე „ბათუმი-1921 წელი“.

მიმართულება აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან და კვლევით ინსტიტუტებთან. მათ შორის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან.

დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ 2009 წელს ასოცირებული პროფესორი ი. მანველიძე ამუშავებდა საგრანტო თემას ”ტრანსნაციონალური კომპანიები ამიერკავკასიის ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაში: პრობლემები, ტენდენციები, პერსპექტივები”. იმავე სახელწოდებით 2009 წელს ი. მანველიძემ თბილისში გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელმაც სპეციალისტების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

2009 წელს მიმართულების ხელმძღვანელის ი. მანველიძის ინიციატივით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. უკვე მომზადდა და მომავალში ამოქმედდება სადოქტორო პროგრამა.

მიმართულების ბაზაზე უნივერსიტეტში საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან ერთად იგეგმება რეგიონული კვლევის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფოს შიდა რეგიონულ და საერთაშორისო რეგიონული ურთიერთობების, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნების აქტუალურ საკითხებს შეისწავლის.

მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებში ლექციებს კითხულობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე და ასოც. პროფ. ნანი მაჭარაშვილი.

2009 წლის ნოემბერში მიმართულების თანამშრომელმა ნატალია ლაზბამ სამეცნიერო ხარისხი დაიცვა თემაზე „ეთნოკონფესიური და ეთნოპოლიტიკური პრობლემები ლიბანში“. ამჟამად მიმართულებაში ნაყოფიერად მოღვაწეობენ ასოც. პროფესორები: ირაკლი მანველიძე, ინეზა ზოიძე, ირაკლი გორგილაძე; ასისტენტ -პროფესორი ზაზა ბურკაძე, ისტორიის აკადემიური დოქტორები ნატალია ლაზბა და არჩილ ვარშალომიძე.

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა 2009 წელს ი.სანიკიძის რედაქტორობით პირველად გამოსცა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შრომების I ტომი, ხოლო 2009 და 2010 წლებში ი.მანველიძის რედაქტორობით გამოვიდა სამეცნიერო შრომათა კრებული - სოციალურ მეცნიერებათა საკითხები, I (2009) da II (2010) ტომი. ამავე პერიოდში(რედაქტორები ნ.ბარამიძე და გ.ჩაგანავა) გამოვიდა დეპარტამენტის ფსიქოლოგთა კრებული (ფსიქოლოგიური გამოკვლევები) III.

დეპარტამენტის წევრები სისტემატურად გამოსცემენ მონოგრაფიებს,სახელმძღვანელოებს, ბეჭდავენ სტატიებს, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა