განცხადება

სურათი

მოულოდნელად გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ძირკვაძე.

პროფესორი ემზარ ძირკვაძე დაიბადა 1959 წლის 5 თებერვალს. 1976 წელს დაამთავრა დიოკნისის საშუალო სკოლა. 1977–1982 წწ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე. 1984-1987 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაციაც.

ბატონი ემზარი წლების მანძილზე მუშაობდა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებ-ლო თანამდებობებზე: 1988 წლიდან 20 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში გაიარა ყველა საფეხური ლაბორანტიდან - ასოცირებულ პროფესორამდე. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს მთიანი და მაღამთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის აგრობიზნესის სპეციალისტად. 2004-2005 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,მთიანი რეგიონების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია” - აღმასრულებელი დირექტორი.

2006 წელს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2008 წლიდან 3 წლის მანძილზე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, შემდეგ კი - ერთი წელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი.
სიცოცხლის ბოლო პერიოდში ემზარ ძირკვაძე მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იგი იყო 2 გამოგონების, 8 მეთოდური მითითებისა და რეკომენდაციის და 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 2 სახელმძღვანელოს და 4 დამხმარე სახელმძღვანელოსი. ბატონი ემზარის ეს მიღწევები გარკვეულად იმ საერთაშორისო გამოცდილებას ემყარება, რაც მან უცხოეთის არაერთ ქვეყანაში (აშშ, გერმანია, იტალია...) სტაჟირებით და სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით შეიძინა.

გაწეული ღვაწლისათვის ემზარ ძირკვაძე საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების მედლითა (2002 წელი) და ღირსების ორდენით (2010 წელი).
ბატონმა ემზარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის მოკლე დროის მანძილზე დიდი სიყვარული და პატივიცემა დაიმსახურა კოლეგებში. მას იცნობდნენ როგორც ჭეშმარიტ მამულიშვილს, დახვეწილ პიროვნებას, პრინციპებისა და საქმის ერთგულს, პროფესიონალს, ენერგიით სავსე ადამიანს, მოსიყვარულე, მზრუნველ მამასა და მეუღლეს.

ემზარ ძირკვაძემ არც ისე დიდი ასაკის მიუხედავად, შეძლო თავისი კვალის დატოვება, რადგან სიკეთისა და სიყვარულისათვის იყო მოწოდებული. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თანამშრომლებსა და მეგობრებში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა