სტუდენტური დღეების გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

სურათიუნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ფუტკარაძემ და ფაკულტეტის დეკანებმა „სტუდენტური დღეები - 2012“-ის, „სტუდენტური უნივერსიადა - 2012“-ისა და ,,სტუდენტური დღეები - აჭარა 2012“-ის გამარჯვებულ სტუდენტებს მედლები, თასები, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით შემოქმედებითი ჯგუფები თურქეთში გაემგზავრებიან და რიზეს უნივერსიტეტში კონცერტს გამართავენ. ფესტივალში „სტუდენტური დღეები 2012“ ქვეყნის 30 უმაღლესი სასწავლებლის 2000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სხვადასსხვა მიმართულებით წარმოეჩინათ. კონკურსი ჩატარდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ნომინაციებში.

სტუდენტური დღეები თბილისში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისში, კუს ტბაზე ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდენტური დღეები 2012“ დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე თეატრალიზებული სანახაობით, თანამედროვე და ხალხური ცეკვით, სიმღერითა და იუმორისტული წარმოდგენით ფესტივალის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო სასწავლებლები წარსდგნენ. დასკვნით საღამოზე ჟიურიმ „სტუდენტური დღეები 2012"-ის გამარჯვებულები გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციაში. დიდი წარმატება ხვდა წილად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებით ჯგუფებს. სტუდენტებმა პირველობა მოიპოვეს სხვადასხვა ნომიანციაში, კერძოდ:

• „საუკეთესო თანამედროვე ცეკვა“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ცეკვის ჯგუფი "M-STYLE 13";
• „საუკეთესო თანამედროვე ინსტრუმენტული ჯგუფი“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდი „ლაზგური“;
• „სტუდენტური დღეების აღმოჩენა“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფი "M_STYLE".

"უნივერსიადა - 2012"-ში საქართველოს 25 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შვიდ სახეობაში წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2 ოქროს, 1 - ვერცხლის და 3 - ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს; თავისუფალ ჭიდაობაში 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი, მშვილდოსნობაში - ორი ოქროს, 1 ვერცხლის და 1- ბრინჯაოს.
ახალგაზრდა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს ასევე მკლავჭიდის, მძლეოსნობისა და მაგიდის ჩოგბურთის პირველობაზე. მკლავჭიდში 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, მძლეოსნობაში - 1 ვერცხლის, ხოლო მაგიდის ჩოგბურთში 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართული იყო აგრეთვე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ქობულეთში გამართულ ,,სტუდენტური დღეები - აჭარა 2012“-ში. უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“ ცეკვის „ქალთა ხორუმის“ შესრულებით საუკეთესო ორიგინალური ნომრის ნომინაციაში გაიმარჯვა. მინიფეხბურთის პირველობაზე რსუ-ს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა