ბსუ-მ პედაგოგების პირველ ეროვნულ კონფერენციას EdCamp Georgia-ს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პედაგოგების პირველ ეროვნულ კონფერენციას EdCamp Georgia-ს უმასპინძლა. კონფერენციაში განათლების სფეროს 35 ექსპერტი და 150 პედაგოგი მონაწილეობს. ორი დღის განმავლობაში  ჩატარდება საექსპერტო პანელები განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ჰუმანური პედაგოგიკა, ინტუიციური პედაგოგიკა, მომავლის პროფესიები, 21-ე საუკუნის განათლება, STEM მიმართულება, დიგიტალიზაციის პრობლემები.

EdCamp - ის მიზანია განათლების პრაქტიკოსების თანამშრომლობა და თანაშემოქმედება ახალ სადისკუსიო ფორმატში. ფორმატის მთავარი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ პროგრამა და მისი შემადგენელი ნაწილი უცნობია ღონისძიების დაწყებამდე და ის თვით მოქმედების პროცესში ყალიბდება ყველას თანამონაწილეობით. ღონისძიება ითვალისწინებს შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც პედაგოგებს შეეძლებათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, შეხვდნენ ქართველ და უცხოელ კოლეგებს, მოისმინონ წამყვანი მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების მოხსენებები.

პედაგოგების პირველი ეროვნული კონფერენცია EdCamp Georgia-ს ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.   

ინიციატივა EdCamp-ი 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელმა მასწავლებლებმა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, ალტერნატიული გზის შექმნა გადაწყვიტეს. მას შემდეგ EdCamp - ის მოძრაობა 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, ხოლო საქართველოში პირველად ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა