ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისათვის ერთმა კანდიდატმა - მერაბ დიასამიძემ მიმართა. მერაბ დიასამიძე ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატმა ბსუ-ს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

აკადემიურმა საბჭომ განიხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მერაბ დიასამიძის კანდიდატურა და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (10 ხმით) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა დასამტკიცებლად. ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (16 ხმით) მასვე დაუჭირეს მხარი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. იგი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ბსუ-ში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას  2021 წლის 28 ივნისიდან ნიკა ჩხარტიშვილი იკავებდა. ნიკა ჩხარტიშვილმა წარმომადგენლობით საბჭოს  განცხადებით მიმართა დაკავებული ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. წარმომადგენლობითმა საბჭომ დააკმაყოფილა განცხადება,  რის შედეგად აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები გამოაცხადა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა