უნივერსიტეტში HERD-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბსუ-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (HERD-ის)  შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, პროექტის კოორდინატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნინო ოკრიბელაშვილმა და პროექტის პარტნიორი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.

პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units - HERD) საქართველოს 12 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 3 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაციას, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდას, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირებას ინსტიტუციურ დონეზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის - GRIS.emis.ge პორტალი, რომელიც საქართველოში არსებული სამეცნიერო გამოცდილებისა და პოტენციალის შესახებ დაინტერესებულ ყველა მხარეს ღია რეჟიმში შესაბამის მონაცემებს სთავაზობს. ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) პორტალი დაინტერესებულ პირებს საქართველოს HERD-ის პროექტის პარტნიორი 12 უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის, მათი აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტების სამეცნიერო პროდუქტიულობის შედეგების, მიმდინარე და განხორციელებული გრანტებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობს და მათთან დაკავშირების ოპტიმალური მექანიზმია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. პორტალი ღია მონაცემთა ბაზის საფუძველზე ფუნქიონირებადი სისტემაა და წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ღია საინფორმაციო ბაზას.

საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის პორტალი ამჟამად 5000-მდე საქართველოში მოღვაწე აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და დოქტორანტების მონაცემებს აერთიანებს. პორტალი - როგორც საქართველოს ერთიანი ეროვნული სამეცნიერო საინფორმაციო სისტემა, ღიაა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულების ბაზაზე არსებული რესურსებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შემდგომი ინტეგრირებისთვის, რათა შეასრულოს ისეთივე ფუნქცია როგორიც, მაგალითად,  ესტონეთის სამეცნიერო საინფორმაციო სისტემამ - https://www.etis.ee/.

პორტალი ხელს უწყობს მასზე რეგისტრირებული დაწესებულებებისა და ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო პროდუქტიულობის შესახებ მეტ ხილვადობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, პოტენციურ პარტნიორებსა და ადგილობრივ კოლეგებთან დაკავშირებას, საერთო კვლევებსა და პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობების გაფართოებას.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიის 10 წამყვან უნივერსიტეტს შორისაა და პროექტში ჩართული იყო კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის ტრენინგების უზრუნველყოფაში, კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი ძლიერი კვლევითი ფოკუსით, რომელიც ორიენტირებული იყო გამოყენებითი კვლევებისა და ტექ-ტრანსფერის მიმართულებით შესაბამისი საპარტნიორო გამოცდილების გაზიარებაზე და კოტ-დაზურის უნივერსიტეტი, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტების 3 პროცენტში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კვლევის სტრატეგიების შემუშავებასა და ხარისხის მართვაში ეხმარებოდა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა