ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. თითოეულმა ფაკულტეტმა უნივერსიტეტის ეზოში მოაწყო გამოფენა, რომლის საშუალებით სტუდენტები გაეცნენ არსებულ სიახლეებსა და მიღწევებს. ასევე გაიხსნა სტუდენტური კაფე და სტუდენტთა სერვისების ერთიანი სივრცე, სადაც სტუდენტებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან. უნივერსიტეტისა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თანამედროვე ქართველ ავტორებთან: ალექსანდრე ლორთქიფანიძესა და მარიკა მამალაძესთან. ახალი სასწავლო წლის გახსნა მუსიკალურად ბსუ-ს ბენდმა გააფორმა.

2018-2019 სასწავლო წელს ბსუ-ში 1313 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან სასწავლო გრანტი 70-მა მიიღო, ხოლო 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 460 ახალგაზრდა ისწავლის. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 6 000  სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. ბსუ-მ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, უნივერსიტეტი აბიტურიენტების მოთხოვნადობის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა. დასასრულს უახლოვდება ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსის, სტუდენტთა საცხოვრებლის, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მშენებლობა და პირველი ისტორიული კორპუსის სარემონტო სამუშაოები. ახალი სასწავლო წლისათვის  ამოქმედდება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბოტანიკის კაბინეტი, ფარმაკოგნოზიის ლაბორატორია და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ადაპტირებული გარემო შეიქმნა უნივერსიტეტის I და II კორპუსებში, დამონტაჟდა კაფეში ჩასასვლელი ლიფტი და გადასასვლელი ელექტროპანდუსები,  ხუთსრთულიან კორპუსში დასრულდა პანორამული ლიფტის მშენებლობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა