საზაფხულო სკოლა „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად“ უკვე მეორედ იწვევს ქ. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ფილოლოგიის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს (ენის ფლობის B1 ან B2 დონით) ერთკვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მოიცავს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო, ისე გასართობ აქტივობებს (თემატური ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები).
საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2016 წლის 5 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეებს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ჩაუტარდებათ უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ინტენსიური კურსი ენების სექციების მიხედვით.
პროგრამის საგანმანათლებლო და გასართობ-შემოქმედებით ნაწილს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები და მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები. გაიცემა სერტიფიკატი პროგრამაში მონაწილე ყველა პირისათვის.
ერთკვირიანი საზაფხულო სკოლის დასრულების შემდგომ მოსწავლე-სტუდენტები:
- უფრო თავისუფლად გამოხატავენ აზრს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე პრეზენტაციის, საუბრის და წერის დროს;
- ამერიკული და დასავლეთ-ევროპული ლიტერატურის გაცნობით დახვეწენ და გაიღრმავებენ უცხოენოვან ტექსტთან მუშაობის უნარ-ჩვევებს;
- უცხო კულტურასა და ღირებულებების გაცნობასთან ერთად უფრო ღრმად გაიაზრებენ მშობლიურ კულტურას და ისწავლიან უცხო კულტურის პატივისცემას და ტოლერანტობას;
- გააფართოვებენ სოციალური ურთიერთობის წრეს;
- გამოიმუშავებენ სხვა ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებთან ერთად გუნდში მუშაობის პრინციპების და სხვისი აზრის პატივისცემის უნარ-ჩვევებს;
დაინტერესებულმა მოსწავლე-სტუდენტებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: enebi@bsu.edu.ge ამა წლის 25 ივლისიდან 20 აგვისტომდე. დარეგისტრირებული აპლიკანტები შეირჩევიან ზეპირი გასაუბრების წესით, რომელიც განხორციელდება ტელეფონით ან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 42-ე აუდიტორიაში 22 აგვისტოს.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე-სტუდენტები გადაიხდიან მხოლოდ სარეგისტრაციო თანხას 20 ლარის ოდენობით შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE 22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7519 – (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები)
დანიშნულება: „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად“ (რეგისტრაციის საფასური)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 558 180081;
+995 593 567185;
+ 995 593 211912
უკან |