ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა

სურათი

2015-2016 სასწავლო წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა. ახალი  სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ, ბსუ-ს პროფესორმა, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის სკოლის რექტორმა იური ბოშიცკიმ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ბექა მაკარაძემ, ასპროცენტიანი გრანტის მფლობელმა პირველკურსელებმა ტარიელ ქაჩაკიძემ და ანა შაინიძემ.

წარჩინებულ პირველკურსელებს უნივერსიტეტის რექტორმა საჩუქრად პლანშეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცოცხალი, კლასიკური  მუსიკის ფონზე შედგა ბსუ-ს შოთა რუსთაველის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „პონტოელი ბერძნები აჭარაში“ ფოტოგამოფენა და მაღაზია ,,ლამპარის”  წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
2015-2016 სასწავლო წელს ბსუ-ში 1122 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე - 407. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 6 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სხვადასხვა სახის სიახლეებით შეხვდა. დაინერგა ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქმისწარმოების მობილობასა და ოპერატიულობას. სტუდენტები აკადემიურ და ფინანსურ რეგისტრაციას ელექტრონულად გაივლიან. ამოქმედდა სტუდენტთა შეფასების ახალი, მრავალკომპონენტიანი  წესი.

2015-2016 სასწავლო წლიდან სტუდენტებს ემსახურება ახლხანს შექმნილი საკონსულტაციო ცენტრი. დაარსდება ფსიქოლოგიური კლინიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიის ლაბორატორია. ინოვაციების სააგენტოს  დაფინანსებით 17 ოქტომბერს გაიხსნება ინოვაციების ლაბორატორია.

ახალი სასწავლო წლიდან დაწესდება შოთა რუსთაველის სახელობის, ცნობილი ისტორიული პიროვნების გულო კაიკაციშვილისა და  უნივერსიტეტის პირველი რექტორის - ხუსეინ ნაკაიძის  სახელობის სტიპენდიები.  ამოქმედდა ოთხი ახალი, აკრედიტებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა: ეკოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, ტურიზმი და დამატებითი (Minor) საგანმანათლებლო პროგრამა - დიგიტალური ჰუმანიტარია.

სიახლეებია უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების თვალსაზრისით. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობას, რემონტდება ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე და მეხუთე სართულები, საერთო საცხოვრებელი, ქიმიის, ბიოლოგიის, მინერალოგიის ლაბორატორიები, სტომატოლოგიური კლინიკა და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა