ორგანიზაცია ,,მოქალაქის“ პროექტის - ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ წარდგინება

სურათი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ორგანიზაციის - ,,მოქალაქე“ პროექტი ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ გააცნო. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას და თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას. პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდას, მოქალაქეობრივი მოვალეობებისა და როლის გაცნობიერების ხელშეწყობას. პროექტი ხელს შეუწყობს თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებას და მათი ჩართულობით მხარს დაუჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ წარდგინების დასასრულს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

პროექტი ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ითვალისწინებს:


სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზს, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავებას,
სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, თვითმმართველობის არსისა და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობას.
 
პროექტში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
პირველი -  შესარჩევი ეტაპი, რომლის მიზანია საკონკურსო გუნდების ფორმირება და შერჩევა;

ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს, მონაწილეობას მიიღებს მეორე და მესამე ტურში და იმუშავებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლა/ანალიზსა და ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის, გეგმის შემუშავებაზე.

მეორე და მესამე ტურის მონაწილეებისათვის უშუალოდ მათ რეგიონებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგები თვითმმართველობის არსის, კვლევის მეთოდების, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის შესახებ,  რომელიც დაეხმარება გუნდებს ამ ეტაპებზე გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებაში.


მეორე ეტაპი - კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური  დოკუმენტის მომზადებაზეა ფოკუსირებული. გუნდებმა  კონკრეტულ  მუნიციპალიტეტში  არსებული ვითარების შესწავლისა და  ანალიზის საფუძველზე უნდა მოამზადონ ანალიტიკური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები";

მეორე ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ითვალისწინებს სტუდენტთა გუნდების მიერ საპროექტო წინადადების მომზადებასა და წარდგენას (საპროექტო წინადადებაში აღწერილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებისათვის საჭირო აქტივობები, კვლევის/შეფასების მეთოდოლოგია, ბიუჯეტი და სხვ.); პირველი ნაწილის შემდეგ გუნდები იღებენ უკუკავშირს (კომისიის მოსაზრებას, შენიშვნას, რეკომენდაციას). მეორე ნაწილი კი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზე, არსებული ბიუჯეტის ანალიზზეა ფოკუსირებული.


მესამე ეტაპი გულისხმობს  კონცეპტუალური დოკუმენტის მომზადებას „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა". დოკუმენტში ასახული უნდა იყოს გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზები, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მომდევნო წლის ბიუჯეტი.
    
კონკურსის გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემს ორგანიზაცია „მოქალაქე".
გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.
დეტალური  ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მიმართეთ პროექტის Facebook-ის გვერდს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ ბმულზე

გისურვებთ წარმატებას!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა