ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა

სურათი

ახალი სასწავლო წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და  სიახლეები გააცნო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. ახალგაზრდებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, დეკანოზმა, მამა ანდრიამ, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქელაძემ და პოეტმა ვახტანგ ღლონტმა. საზეიმო გახსნაზე ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამ სტუდენტს ორასორმოცდაათლარიანი სტიპენდია, ხოლო კომპანია „მაგთის“ წარმომადგენელმა გიორგი ცივაძემ საუკეთესო პირველკურსელს (საკონკურსო ქულის მიხედვით) ერთწლიანი სტიპენდია გადასცეს. 2014-2015 სასწავლო წელს ბსუ-ში 1049 პირველკურსელი ჩაირიცხა, რომელთაგან სასწავლო გრანტი 71-მა მიიღო. 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 329 ახალგაზრდა ისწავლის. ამჟამად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  6 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა სახის ცვლილება განხორციელდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახალ სასწავლო წელს განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით შეხვდა. სტუდენტებს შვიდის ნაცვლად ცხრა ფაკულტეტი მოემსახურება. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საფუძველზე შეიქმნა შემდეგი ფაკულტეტები: იურიდიული ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. რეორგანიზაცია ხელს შეუწყობს მართვის ეფექტურობის, სწავლების ხარისხისა და ორგანიზების გაზრდას. ბსუ-ს რექტორის, პროფესორ ალიოშა ბაკურიძის ინიციატივით, 2014-2015 სასწავლო წლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების 9 სტუდენტი რექტორის სახელობით სტიპენდიას მიიღებს. უნივერსიტეტში დაინერგება ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქმისწარმოების მობილობასა და ოპერატიულობას

ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტია საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება, გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა.

2014-2015 სასწავლო წლისათვის გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი. “სტუმარი-პროფესორის“ სტატუსით ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები.

ტრადიციულად, უნივერსიტეტში განხორციელდება სოციალური პროგრამები და გაიცემა 29-მდე სახელობითი სტიპენდია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა